უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, "არარეალურია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მაშინ, როცა ომი მიმდინარეობს".
ამასთან, ორბანი აღნიშნავს, რომ "ძალიან რთულ კითხვებზე პასუხის გაცემაა საჭირო, სანამ ევროკავშირი უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებებს დაიწყებს".
"როდესაც შემოდგომაზე ბრიუსელში განვიხილავთ უკრაინის მომავალს, ვერ ავიცილებთ თავიდან კითხვას, შეგვიძლია თუ არა სერიოზულად ვიფიქროთ ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. შესაძლებელია თუ არა მოლაპარაკებების დაწყება ომში მყოფ ქვეყანასთან?
ჩვენ არ ვიცით, რამდენად დიდია ამ ქვეყნის ტერიტორია, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება, არ ვიცით, რამდენად დიდია მოსახლეობა, რადგან ისინი ქვეყნიდან გარბიან. ქვეყანა რომ ევროკავშირში დაიშვას, მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე, ეს უპრეცედენტო იქნებოდა", - ამბობს უნგრეთის პრემიერი.
ორშაბათს, ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს, სანამ "ეთნიკური უნგრელების ენობრივი უფლებები არ აღდგება".